განახლებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განახლების პროექტი დასრულდა. განახლებული აეროპორტი დღეიდან წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. კოვიდ-19 პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, "ტავ ჯორჯიამ" სამშენებლო სამუშაოები არ გააჩერა და მეტიც, საინვესტიციო თანხა 14-დან 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ ავიაციასა და ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "ტავ ჯორჯიას" თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
სანი შენერი - TAV Holding ის პრეზიდენტი: „დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დავასრულეთ ბათუმის აეროპორტის გაფართოება პანდემიის პირობებში, რომელმაც მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ავიაციის სფეროზე. მას შემდეგ, რაც ჩვენმა კომპანიამ გადაიბარა აეროპორტის ოპერირება, მთავრობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მისი წლიური მგზავრთნაკადის რაოდენობა 2007 წლიდან 2019 წლამდე 40 000-დან 600 000-მდე გავზარდეთ. იმავე პერიოდში, იმ ავიაკომპანიების რიცხვი, რომლებიც ბათუმის აეროპორტში ასრულებდნენ რეისებს, 5-დან 30-მდე გაიზარდა. გასული 14 წლის მანძილზე ჩვენს მიერ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში განხორციელებულმა ინვესტიციამ 220 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და სერიოზული ნაბიჯები გადადგა იმისკენ, რომ საქართველო რეგიონში უდიდეს ჰაბად ექცია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მის მთავრობას, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი უწყვეტი მხარდაჭერისთვის და იმ გუნდს, რომელმაც ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახადა".
აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2019 წელს 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეერული სისტემა და დამონტაჟდება დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14-მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები, მოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი - 6-დან 8-მდე გაიზრდა. გაფრენის ზონაში დაემატა 2 ავტობუსის გასასვლელი, ჯამში მგზავრები 6 ავტობუსის გასასვლელით ისარგებლებენ. ასევე გაფართოვდა "დუტი ფრის" ზონა, ბიზნესლაუნჯი და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. 2017 წელს „ტავ ჯორჯია“ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ კომპანიად დაასახელეს. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით, „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1380 თანამშრომელი.