ღირსშესანიშნაობები
შავი ზღვის ზედაპირს კვეთს ნახევარკუნძული, რომელზეც პატარა საპორტო ქალაქი - ბათუმია გაშენებული. თანამედროვე ბათუმის განვითარების პერიოდი XIX საუკუნეში დაიწყო, როცა ქალაქი პორტო-ფრანკოდ გამოცხადდა.
ბათუმი საქართველოში და მთელ კავკასიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. ამ დროისათვის ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბათუმის პორტი იქცა ბაქოში მოპოვებული ნავთობის გადაზიდვის უდიდეს სატრანზიტო პუნქტად.
2005 წლიდან ბათუმი შავი ზღვის ნამდვილ ტურისტულ ცენტრად იქცა. აქ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების “შერატონის”, “ჰაიატის”, “რედისონისა” და “ჰილტონის” სასტუმროების მშენებლობები მიმდინარეობს. გაიხსნა სასტუმრო ”შერატონი”. ასევე ვითარდება სხვა ტურისტული თუ გასართობი ინფრასტრუქტურა. გაიზარდა ბათუმის ცნობილი ზღვისპირა პარკი, რომლის სიგრძეც ამჟამად უკვე 7 კმ-ია.
2009 წლიდან დაიწყო ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი. რეაბილიტირებული იქნა მრავალი ისტორიული შენობა, ქუჩა.
თანამედროვე ბათუმისა და მისი შემოგარენის ძირითად ღირსშესანიშნაობებს უძველესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, დასვენებისა და კულტურის ზონები, მდიდარი სუბტროპიკული მცენარეულობა წარმოადგენს.
ბულვარი
ბათუმის ღირსშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ქალაქის მშვენება - ზღვისპირა პარკი, რომელიც 1884 წელს გაშენდა. თავად ბათუმელები მას “ბულვარს” ეძახიან. ის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის მთელს გაყოლებაზე მწვანე ზოლად გასდევს ბათუმს. ზღვისპირა პარკის თავდაპირველი პროექტი შექმნა ცნობილმა გერმანელმა მებაღემ რესლერმა. პროექტის განხორციელებას ის ვერ მოესწრო, მაგრამ მისი საქმე გააგრძელა ასევე სახელგანთქმულმა მებაღემ, დალფონსმა. ბაღის კეთილმოწყობაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა მებაღე-დეკორატორმა იასონ გორდეზიანმა, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოში ცნობილი ლონდონის ბოტანიკური ბაღის დეკორირებაში.
საკმარისია, მიუახლოვდეთ ბულვარს და თქვენ უკვე იგრძნობთ ზღვის ოდნავ მლაშე სუნთქვას, რომელიც ასწლოვანი ფიჭვების საამო სურნელს შერევია. პარკში შესული მოგზაურის თვალწინ ულამაზესი სანახაობა იშლება: ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული სამი შადრევანი ხალისიანად აფრქვევს ნაკადებს. 2005 წლიდან ზღვისპირა პარკის ახალ ნაწილში ფუნქციონირებს ფრანგული მოცეკვავე შადრევანი. ის დღეს ევროპაში მოქმედ შადრევანთაგან ერთ-ერთი ულამაზესია. ბულვარში ხუთი პარალელური ხეივანია, ისინი ერთმანეთისაგან გაზონებით, კაფეებითა და დაფნის ბუჩქებითაა გამიჯნული.
ბულვარში გართობის ყველა პირობაა შექმნილი. აქ ფუნქციონირებს აკვაპარკი, სპორტული მოედნები, რესტორნები, საზაფხულო კაფე-ბარები, ბუნგალოები, დისკო-კლუბები და სხვა გასართობი ობიექტები. გამორჩეული სიმყუდროვე სუფევს პირველ ხეივანში, სადაც ქალაქის კოლორიტები იკრიბებიან და სპეციალურად მათთვის აგებულ პავილიონში ჭადრაკის და ნარდის თამაშში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
2010 წელს ბათუმის ბულვარის სიგრძე 7 კმ –მდე გაიზარდა. ახალი ბულვარის დიზაინი ესპანელი არქიტექტორის მიერ არის შემუშავებული და იგი თანამედროვე ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს.
ახალ ბულვარს ეკვრის არდაგანის ტბა. ტბას კეთილმოწყობამ მეტი მიმზიდველობა შესძინა. იგი თანდათან დასვენების თანამედროვე ცენტრად ყალიბდება: ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოებისა ტბის ტერიტორიის გასაფართოებლად და კეთილმოსაწყობად. ტბაზე გაკეთდა ორი ხელოვნური კუნძული, მოეწყო ამფითეატრი და საზეიმოდ გაიხსნა ფრანგული შადრევანი, რომელიც მომენტალურად იქცა ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობად. ტბასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა არაერთი კაფე-ბარი, სასტუმრო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი.
1939 წელს ზღვისპირა პარკთან ახლოს სასტუმრო "ინტურისტი" აიგო აკადემიკოს შჩუსევის პროექტით. ამ ადგილზე იდგა არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, რომელიც, სამწუხაროდ, "ინტურისტის" მშენებლობას შეეწირა. შემორჩენილია ტაძრის ფოტოსურათები და მაკეტი, რომელიც ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. სასტუმრო "ინტურისტი" ქართველმა ბიზნესმენმა შეისყიდა და რესტავრაცია ჩაუტარა. დღეს იგი ერთ-ერთი მაღალი კლასის სასტუმროა ბათუმში.
ბათუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან საზღვაო-სატრანსპორტო კვანძს. თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, ბუნებრივად ღრმაწყლიანი სანაპიროთი, ბათუმის საზღვაო ნავსადგური ერთ-ერთი საუკეთესოა შავი ზღვის აუზში. ბათუმის საზღვაო სადგურში, რომელიც 1962 წელს არქიტექტორების - ნოვიკოვისა და კრემლიაკოვის მიერაა აგებული, შემოდიან დიდი წყალწყვის გემები. საზღვაო სადგურის მოპირდაპირედ, მდებარეობს ბათუმის სატვირთო პორტი, რომელიც 1878 წელს აიგო. 1983 წელს ბათუმის ბაქოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის გაყვანამ ნავსადგური საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. პორტში სამი - თხევადი, მშრალი და მოქალაქეთა გადაყვანის ტერმინალი მოქმედებს. პორტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და სამუშაოები მთლიანად მექანიზებულია. 90-იან წლებიდან პორტს ყოველწლიურად 7 მილ. ტონა ტვირთის დამუშავება შეუძლია. ბათუმის სატვირთო პორტის ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდა.
პორტის მიმდებარედ თავისუფლების მოედანია, რომელმაც სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. მე-20 საუკუნის დასაწყისში მას აზიზიეს მოედანი ერქვა და აქ უზარმაზარი მეჩეთი იდგა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921წ. მარტი), აქ ლენინის ძეგლი დაიდგა და მოედანსაც მისი სახელი ეწოდა. მოგვიანებით, მოედანი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელს ატარებდა.
მოედანზე, საძიებო სამუშაოების შედეგად, ქართველ მეომართა საძმო საფლავი აღმოჩნდა, რომლებიც ოსმალების წინააღმდეგ გამათავისუფლებელ ბრძოლაში 1921 წლის 18-21 მარტს დაეცნენ. მოედანზე ობელისკის აღმართვაა დაგეგმილი. აქვე 1929 წლის 8 თებერვალს ჩატარდა აჭარის ქალთა პირველი ყრილობა, რომლის დროსაც, ყრილობის ერთ-ერთმა დელეგატმა დემონსტრაციულად ჩამოიგლიჯა ჩადრი და დაწვა. მას მიბაძა ყრილობის ბევრმა დელეგატმა. ეს დღე აჭარელი ქალის ჩადრისაგან განთავისუფლების დღედ ითვლება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო თეატრი შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. იგი 1952 წელს არქიტექტორ ტეპლიცკის მიერაა აგებული და 625 მაყურებელზეა გათვლილი. თეატრის კედლები და ჭერი მხატვრების - ტელენგატოვისა და ხალატოვის მიერ ვეფხისტყაოსნის მოტივების მიხედვითაა მოხატული.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში აჭარაში თეატრალური დასის ჩამოყალიბების მცდელობა იყო, მაგრამ თანხების არარსებობის გამო იგი განწირული იყო დასაშლელად. 1879 წელს ბათუმში აშენდა ე. წ. რკინის თეატრი, რომლის სცენაზეც პირველი საპრემიერო ჩვენება გახლდათ ზურაბ ანტონოვის პიესა "ნუთუ ბიძა დაქორწინდა". 1892 წელს ბათუმში ჩამოვიდა და რკინის თეატრში იმღერა გენიალურმა მუსიკოსმა ფიოდორ შალიაპინმა. მან ბელინის ოპერა ნორმაში როივეზოს პარტია შეასრულა.
ამავე გამზირზე ბათუმის ლადო გუდიაშვილის სახელობის მხატვრის სახლია, სადაც ხშირად იმართება ცნობილი მხატვრებისა და მოქანდაკეების გამოფენები. აქვეა სამხატვრო სალონები, სადაც, შეგიძლიათ, გაეცნოთ ქართული შემოქმედების ნიმუშებს.
ბათუმის საჩოგბურთო კორტები უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა რანგის ტურნირები. იგი რეგულარულად მასპინძლობს ლედის ოუფენს.
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობა 1903 წელს აიგო და მასში ვაჟთა გიმნაზია იყო განთავსებული. 1935 წელს პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა ორწლიანი კურსით. 1990 წლიდან შენობაში უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. შენობა რამდენიმე წლის წინ კაპიტალურად შეკეთდა, მოწესრიგდა, როგორც უნივერსიტეტის ფასადი, ასევე მიმდებარე ტერიტორია. დღეს იგი საერთაშორისო სტანდარტების დონეს აკმაყოფილებს.
6 მაისის პარკი და ნურიგელის ტბა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ მდებარეობს. თავდაპირველად ტბა მალარიისა და ტიფის გავრცელების კერას წარმოადგენდა. 1881 წელს ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის სმეკალოვის ხელმძღვანელობით ბაღში დეკორატიული და სუბტროპიკული მცენარეები დარგეს. (სხვათა შორის ბათუმის მხარეში მოგზაურობისას რუსეთის ხელმწიფემ ალექსანდრე მესამემ ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მცენარეების დარგვაში და მის პატივსაცემად ამ ადგილს ალექსანდრეს ბაღი უწოდეს). 1935 წელს პარკს პიონერთა პარკი დაარქვეს. ამჟამად, აქ 6 მაისის პარკია. 2006 წლიდან პარკმა თანამედროვე სახე შეიძინა: მოეწყო გზები და ბილიკები, დაიდგა, საპარკო სკამები, დამონტაჟდა ახალი ატრაქციონები, მოწესრიგდა განათება. აქვე აღდგა დელფინარიუმი, აკვარიუმი და ზოოკუთხე.
ბათუმის ხელოვნების მუზეუმის შენობა 1949 წელს კახა ჯავახიშვილის პროექტით არის აგებული. 1955 წლიდან აქ რევოლუციის მუზეუმი იყო, მოგვიანებით, ნაციონალური ისტორიის მუზეუმი, ხოლო 1998 წლის 19 დეკემბერს ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. აქვეა დასავლეთ-ევროპული და რუსული ხელოვნების განყოფილება, სადაც მე-19 საუკუნის სხვადასხვა ნამუშევრებია ექსპონირებული.
ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი დაარსებულია 1908 წლის 19 მარტს. იგი მდებარეობდა ვოზნესენსკისა და ოლღას ქუჩების კვეთაში (ამჟამინდელი მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთა). 1939 წელს მუზეუმმა სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა დაიწყო. ამავე წლებიდან დაიწყო სამეცნიერო ექსპედიციების მოწყობაც.
ბათუმის ყოფილი კათოლიკური, ამჟამად ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი 1898 წელს ბაქოში მოღვაწე ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით აიგო. თავის მხრივ, ძმებმა ზუბალაშვილებმა, რომლებიც კათოლიკები იყვნენ, ეკლესია დედის_ბარბარე თუმანიშვილის პატივსაცემად ააგეს. მშენებლობა 1902 წელს დასრულდა და პირველი წირვა-ლოცვა ქართველმა კათოლიკე პადრემ ანსელმო მღებრიშვილმა ჩაატარა. საბჭოთა პერიოდში ბოლშევიკებმა ეკლესია გააუქმეს და მასში მაღალი ძაბვის ლაბორატორია განათავსეს. 1989 წელს ეკლესია მართლმადიდებლურმა მრევლმა აამოქმედა.
წმინდა ბარბარეს ეკლესია რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. იქ ადრე რუსული სამხედრო ჰოსპიტალი იდგა. მისი აღების შემდეგ, ძველი ეკლესიის ნანგრევები აღმოჩნდა, რომლის რესტავრაციის შემდეგ კვლავ ამოქმედდა წმინდა ბარბარეს ეკლესია. ეკლესიის ირგვლივ ლამაზი სკვერია გაშენებული და იგი ზღვისპირა პარკს ესაზღვრება.
წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს მაიაკოვსკის ქუჩაზე. მისი მშენებლობა 1865 წელს დასრულდა. სამლოცველო იმ დროისათვის ბათუმში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობა იყო. XX ს-ის დასაწყისში ეკლესიაში ღვთისმშობლის, წმ. ნიკოლოზისა და წმ. გიორგის ხატები საბერძნეთის კუნძულ ხიოსიდან გადმოაბრძანეს.
1998 წელს ეკლესიის დაქვემდებარებაში წმ. პანტელეიმონის სახელობის ეკლესია გადავიდა.
1998-1999 წლებში ბათუმი-სხალთის ეპისკოპოსის დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ეკლესიას სარესტავრეციო სამუშაოები ჩაუტარდა.
სულიწმიდის სახელობის კათოლიკური ეკლესია 2000 წელს, გოგებაშვილის ქუჩაზე ბათუმელმა კათოლიკეებმა ააგეს, რომლის ავტორები ოლეგ პატარიძე და გიორგი ბაღოშვილი არიან. ეკლესია ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა.
ებრაული სინაგოგა ბათუმში სემეონ ვულკოვიჩის მიერ 1904 წელს აშენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელ და ქართველ ხალხებს ერთმანეთთან თანაცხოვრებისა და მეგობრობის 26 საუკუნე აკავშირებს.
ბათუმის გრიგორიანული ეკლესია 1885 წელს აშენდა ავსტრიელი არქიტექტორის მარფელდის პროექტითა და მსხვილი მეწარმის, მანთაშევის შემოწირულობით. 1937 წელს ეკლესია დაიხურა და მხოლოდ 1996 წელს მოხერხდა მისი ამოქმედება.
ბათუმის მეჩეთი ,,ორთა ჯამე” 1886 წელს ასლან-ბეგ ხიმშიაშვილის დედის შესაწირი თანხით არის აგებული. იგი ორ მეჩეთს შორის იყო მოქცეული და სწორედ აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდება. მეჩეთი ლაზი ძმების მიერ არის მოხატული.
ბოტანიკური ბაღი
ბათუმიდან ჩრდილოეთით, 9 კმ. მოშორებით მდებარეობს ბათუმის ბოტანიკური ბაღი. იგი უნიკალურია მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იმ ადგილს, სადაც ბოტანიკური ბაღია გაშენებული, ”მწვანე კონცხი” ჰქვია. ეს ბაღი დაკავშირებულია ანდრეი კრასნოვის სახელთან, რომელიც ბოტანიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის აღიარებული კლასიკოსია.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. რა საოცარიც არ უნდა იყოს, ამ ჯადოსნურ ბაღში ერთნაირად კარგად ხარობს, როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც. აქ წარმოდგენილია განსაცვიფრებელი სილამაზის მცენარეთა ათასობით სახეობა. დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას იწვევს აქ გაზრდილი 1200 ჯიშის ვარდი.
ბაღის ფლორისტული სიმდიდრე მისი ცხრა განყოფილებითაა წარმოდგენილი. ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვის და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები. ბაღის მთავარ სამარშრუტო გზაზე განლაგებულია ქვედა, ზედა და ზღვისპირა პარკები. ბაღის კოლექცია შედგება მერქნიან მცენარეთა 2037 ტაქსონომიური ერთეულისაგან. მათგან 104 კავკასიური წარმოშობისაა, ხოლო დანარჩენი – უცხო ქვეყნების ფლორის წარმომადგენელია.
ბოტანიკური ბაღი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იქ შექმნილია საქართველოს იშვიათი და გაქრობის პირას მყოფი ადგილობრივი ხეხილ-კენკროვანი ჯიშების საკოლექციო ნაკვეთი.
შთამბეჭდავია ზღვის ის ხედი, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან იშლება მოგზაურის წინაშე, თუმცა არანაკლებ ემოციას იწვევს ნავში მჯდომ მნახველში ბოტანიკური ბაღის ხედი ზღვიდან. არ არსებობს წელიწადის დრო, როცა ბოტანიკური ხელოვნების ამ შედევრში რაიმე არ ყვავის. განსკუთრებით მომხიბლავია იგი გვიან გაზაფხულზე, ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე, როცა ეგზოტიკური მცენარეები მორიგეობით იფეთქებენ ხოლმე ფერადი ყვავილებით და თავიანთ ვნებიან სურნელში გახვევენ მთელს კონცხს.
სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...
ინფორმაცია ფრენის შესახებ
ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467